დღეს სვეტიცხოვლობაა
დღეს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში აღევლინება.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
წმინდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო. სვეტიცხოველს თავიდანვე დაებედა უხვი შეწირულობები. ჯერ კიდევ IV საუკუნეში მირიან მეფემ ტაძრის ასაგებად დათმო თავისი სამეფო ბაღი, ხოლო კახეთის მფლობელმა სუჯიმ წმინდა ნინოსაგან ქრისტიანობის მიღების შემდეგ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ბოდბე.
სამხრეთის კედელზე არის მიშენებული მინიატურული ეკლესია, რომელიც XIV-XV საუკუნეებში ჩაუდგამთ. ეს პატარა ეკლესია წარმოადგენს იერუსალიმში, გოლგოთას მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე, იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით IV ს-ში აშენებული ეკლესიის არაზუსტ ასლს. იგი აუგიათ იმ ადგილობრივ მორწმუნეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება იერუსალიმში ენახათ ქრისტეს წამების ადგილი. ეკლესია სვეტიცხოველში ააგეს იმიტომ, რომ ქალაქ მცხეთას ეძახდნენ „მეორე იერუსალიმს“.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.