სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა.
ამ დღესთან დაკავშირებით წმ. შალვა ახალციხელის სახელობის, საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა.
„საკუთარი მხრებით ვზიდავ ამ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, - ამ სიტყვებით ზუსტად 47 წლის წინ სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქმა ქართველ ხალხს მიმართა, რის შემდეგაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გადაიბარა. უწმინდესმა თავის მოღვაწეობას ,,მზიანი ღამე" უწოდა.
კათოლიკოს-პატრიარქს უკავშირდება რეგიონებში ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ეკლესია-მონასტრების აშენება, პატრიარქის კურთხევით აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. მისი აღსაყდრებიდან დღემდე დამკვიდრდა ქართული მრავალხმიანი გალობა. წლების შემდეგ კი საგალობლებს თავად პატრიარქი წერს.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 50 ეპარქიაა. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.