რელიგია
ორ რელიგიას შორის დაპირისპირების მიზეზად ქცეული სახლი
ფოტო ტოკ ტვ-ის ვიდეოდან
დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები შეიკრიბნენ. შეკრებილები მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის მართლმადიდებლები და მუსლიმები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.
მიქელაძის სახლთან შეკრებილთა განმარტებით, ხუთშაბათს მათ მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა.
,,ეს სახლი თავდაპირველად როგორც მედრესე ისე გაიხსნა, დაახლოებით ორი-სამი თვე დადიოდნენ ბავშვები, მერე დაითხოვეს და ახლა უკვე ხალხი იკრიბება და ლოცულობს. და ლოცულობს ის ხალხი, ვისაც თავის სოფელში აქვს მეჩეთი. თვითონ დაბაში არ ცხოვრობს არც ერთი მუსლიმი, რისთვისაც შეიძლება საჭირო იყოს მეჩეთის არსებობა მანდ. ამ ფაქტს ქრისტიანული მხარე აღიქვამს პროვოკაციად. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დღეს ამ ხალხის სპონტანური შეკრება. ჩვენ ველოდებით ახლა ორშაბათ დღეს“- აღნიშნა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ.
დღევანდელი შეკრების შედეგად, გადაწყდა, რომ ორშაბათს, 11 მარტს, სახლი როგორც მეჩეთი ფუნქციონირებას აღარ გააგრძელებს. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მუსლიმი თემიდან იმამი ჯამბულ კახაძე და სახლის პატრონი მერაბ მიქელაძე.
ფოტო ვიდეოდან
სიტყვიერი შეთანხმება, ოფიციალურად, ორშაბათს უნდა გაფორმდეს, თუმცა არც ერთი მხარე არ გამორიცხავს, რომ 11 მარტსაც ადგილი ჰქონდეს პროვოკაციის მცდელობას.
მომხდართან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლება ,,ჩვენ არ გვექვემდებარება, ეგ არის კერძო სახლი, რომელიც კერძო პირმა იყიდა და გააკეთა თვითნებურად“.
ადგილობრივთა ინფორმაციით, სახლი, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა ხულოდან ადიგენში გადმოსულმა მერაბ მიქელაძემ იყიდა და ჯერ მედრესედ, მოგვიანებით კი მეჩეთის ფუნქციით დატვირთა.
დღის ბოლოს, ვიდეო გაავრცელა ,,ბათუმელებმა“, სადაც ჩანს ორ მხარეს არსებული დაპირისპირება. სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია, ,,ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით“.
ვიდეოში ჩანს სახლთან შეკრებილი ხალხი, მათ შორის სასულიერო პირები, რომლებიც სავარაუდოდ სახლის პატრონს მერაბ მიქელაძეს მიმართავენ, რომელიც მათ კარებს არ უღებს.
მოგვიანებით მუსლიმთა სამმართველომ განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
,,ვგმობთ და კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა. აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად თითოულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ როგორც კონსტიტუციას ასევე ერთმანეთის ღირებულებებს, განსხვავებული ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანებს.
მივმართავთ სახალხო დამცველს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქართულ ტოლერანტულ და შემწყნარებლურ ტრადიციას“ - ნათქვამია განცხადებაში.
მედიასთან კომენტარს მხარეები არ აკეთებენ. ჟურნალისტებთან არ ურთიერთობენ ადგილობრივებიც.
გააზიარეთ :