რელიგია
არ მესმის რისთვის უნდა შედგეს ორშაბათს შეხვედრა - ჯამბულ აბულაძე

ადიგენის ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა ამბობს, რომ სასულიერო პირებს - მერაბ მიქელაძესა და ჯამბულ კახაძეს არ იცნობენ და არც პირადად შეხვედრიან. სწორედ ეს სასულიერო პირები ატარებენ დაბა ადიგენში ლოცვას, რასაც 8 მარტს დაპირისპირება მოყვა. ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე აღნიშნავს:

,,მე როგორც სასულიერო პირი, მრცხვენია მსგავსი რამ რომ ვნახე. განვიცდი და გულთან ახლოს მიმაქვს. პრობლემის მთავარი არსი სახელმწიფოა. თუ სახელმწიფო ქმედითუნარიანია კანონის შესაბამისად უნდა მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. თუ ასე მოიქცევა სახელმწიფო, მერწმუნეთ, არანაირი პრობლემა არ იქნება საზოგადოებაში.

დასამალი არ არის, აღნიშნული სკოლაპანსიონი არ წარმოადგენ სამუფთო სამმართველოს, ეს არის კერძო, იურიდიული პირის საკუთრება და ასეთი ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი. ჩემთვის გაუგებარია ისიც, რატომ არ საუბრობენ თავად პანსიონის ხელმძღვანელები მომხდარის შესახებ, ჩემთვის გაუგებარია. უნდა გამოვიდნენ და ისაუბრონ, აუხსნან საზოგადოებას რას საქმიანობენ, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს.

მაგალითად, აღნიშნული სკოლა პანსიონი, თუ კანონის ნორმებს ექვემდებარება და შეუძლია იფუნქციონირონ, ვინ უნდა შეუწყვიტოს მათ ფუნქციონირება. თუ არ შეესაბამება, მაშინ ვინ უნდა დართოს ნება? თქვეს, რომ ორშაბათს მოხდება შეხვედრა. არ მესმის, რისთვის უნდა შედგეს შეხვედრა. თუ ამ ხალხს ეკუთვნის, მაშინ რისთვის იმართება ეს შეხვედრა, თუ არადა მითუმეტეს რისთვის არის საჭირო ეს შეხვედრა?“
- აღნიშნავს ჯამბულ აბულაძე.

დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
| Print |