რას უკავშირდება პასკის ცხობის ტრადიცია
აღდგომა არის ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -"ქრისტე აღდგა!".
სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია? რისი სიმბოლოა პასკა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?
რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია?
გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სწორედ მათი ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო. სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს (ბერძნულად "არტოსი"). ამ ფორმით მორწმუნეები მოციქულებთან ქრისტეს ტრაპეზს იხსენებდნენ. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის (აღდგომის მომდევნო კვირა) განმავლობაში ტაძრებში აღსავლის კარი ღიაა და სწორედ მის წინ დევს არტოსი. შაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ კი ის მორწმუნეებს ურიგდება.
დროთა განმავლობაში ყველა ქრისტიანულ ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სააღდგომო პურის მომზადება თავად დაიწყეს.
ბიბლიაში ნახსენებია თუ არა პასკა?
რა თქმა უნდა, ბიბლიაში სააღდგომო პასკაზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. ამის მიზეზი მარტივია - პასკა არის მე-19 საუკუნის კულინარიული გამოგონება. ბიბლიაში სააღდგომო პურის სახით მოიხსენიება ებრაული უსაფუარო ხმიადი.
და პასკის წინამორბედი რა იყო?
სააღდგომო პასკის წინამორბედი იყო ბერძნული არტოსი. ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელსაც ჯვრის ან ქრისტეს აღდგომის გამოსახულება აქვს.
პასკა რა არის?
კანონიკური არტოსისგან განსხვავებით, პასკა არის სახლის პირობებში დამზადებული სააღდგომო პური, რომელსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის აცხობენ.
თუმცა არტოსისთვის კანონიკური სააღდგომო პურის დარქმევაც რთულია, რადგან იესო ქრისტე მოციქულებთან ტრაპეზის დროს მიირთმევდა არა არტოსს და მით უფრო პასკას, არამედ ჩვეულებრივ ებრაულ ხმიადს. შესაბამისად, ბიბლიაში არ არის ნახსენები არც არტოსი და მითუმეტეს არც პასკა. ორივე მათგანი სააღდგომო პურისა და თანამედროვე ყოფის ადაპტირებული ვერსიაა.
თანამედროვე ფორმა სააღდგომო პასკამ მხოლოდ და მხოლოდ მე-19 საუკუნეში მიიღო. ეს ყველაფერი კი პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშინსკის, უფრო კონკრეტულად კი მისი მზარეულის დამსახურებაა. სწორედ ამ უკანასკნელმა მისცა სააღდგომო პურს ეს ფორმა. სიმბოლურად პასკა აღნიშნავს გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.