რელიგია
გიორგობის დღესასწაული ისტორიულ ჰერეთში
გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახისა და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს ეწვია.
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვართან, - დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.
საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძე და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები.
,,ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის სალოცავია. აქ აღსრულებულ დიდ სასწაულთა გამო დღესასწაულზე სალოცავად მიდიან როგორც ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანები, ისე მუსლიმები. უამინდობის მიუხედავად ასე იყო წელსაც.
მეუფე თეოდორემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აზერბაიჯანის მხარის სხვა ხელმძღვანელებს, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომელთაც უზრუნველყვეს გიორგობის დღესასწაულის მაღალ დონეზე აღნიშვნა, რაც ხელსუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას" - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ :