სულის შაბათი - რას ნიშნავს ეს დღე ქრისტიანებისთვის
დღეს, 22 ივნისს, მიცვალებულთა ხსენების დღეა. სხვა მოქმედი ტაძრების მსგავსად, ახალციხის წმ. შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში მიცვალებულთა პანაშვიდი აღევლინება. სულთმოფენობის წინა დღეს სულის შაბათსაც ეძახიან. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წინა შაბათს კი მორწმუნეები ეკლესიაში ლოცულობენ და იხსენებენ ყველა გარდაცვლილს. სულის შაბათს მორწმუნეები ეკლესიაში მიდიან. სულის შაბათი აღდგომის დღესასწაულის თარიღზეა დამოკიდებული და ყოველ წელს იცვლება.
თითოეულ ეკლესიაში ამ დღეს განსაკუთრებული წირვა „ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის, ჩვენი ძმების და მამების ხსენება“ მიმდინარეობს. ეკლესიაში მიცვალებულთა სახელზე სანთლები ინთება. ქრისიტიანები ეკლესიაში მსახურების შემდეგ სასაფლაოზეც მიდიან.
"სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება.
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!"
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიები ბალახებითა და მინდვრის ყვავილებით იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. ეს ტრადიცია სამყაროზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს.
სულთმოფენობისთვის მზადება უძველესი ტრადიციაა, ქრისტიანები არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნული თვალსაზრისითაც რთავდნენ ტაძარს ყვავილებით, ბალახით. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ.
სულიწმინდის მადლი მაკურნებელ ძალას აძლევს ბალახსაც, ამიტომ მორწმუნეები ტაძრიდან წაღებულ ყვავილებსა და სიმწვანეს მთელი წელი იმ რწმენით ინახავენ, რომ მათ სამკურნალო ძალა აქვთ.