მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა - ბიძინა ივანიშვილი
"მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ისტორიულად ამაყობს როგორც რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, ისე მართლმადიდებლობით, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საფუძველია.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა, ამასთან, მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციური სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს, შესაბამისად, მმართველი გუნდის ინიციატივაა, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახოს.
"1995 წლიდან მოქმედი ინსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს. იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში"- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.