კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს
25 დეკემბრის ღამეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, ქრისტესშობის დღესასწაულის შესახვედრად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ. სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
სადღესასწაულოდ მორთულ ტაძარში ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა - ღვთისმსახურების მსვლელობისას, ეკლესიაში ემანუელი, ბავშვის ქანდაკება, მშვიდობის ყრმა შეაბრძანეს, რაც, სიმბოლურად, მაცხოვრის შობას განასახიერებს.
თბილისის გარდა, დღეს შობას აღნიშნავენ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები კათოლიკეები. თუმცა, რამდენიმე დღის წინ სოფელ არლის სამრევლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, 25 დეკემბერს ისინი საშობაო ღონისძიებას არ გამართავდნენ.
"ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ არალი საქართველოში ერთადერთი სოფელია, სადაც 80% კათოლიკე ცხოვრობს. შესაბამისად, უკვე მესამე წელია, სოფელში ტრადიციაა, რომ შობის დღესასწაული, 25 დეკემბერი დიდი ღონისძიებით აღინიშნება. მასში მონაწილეობას იღებენ სოფლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები.
გასული წლის მსგავსად, წელსაც ღონისძიებისთვის მზადება არლის კათოლიკური სამრევლოს საორგანიზაციო ჯგუფმა ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში, იმედი გვქონდა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დასტაბილურდებოდა და საშუალება გვექნებოდა შობის ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებული დღესასწაული განსაკუთრებულადვე აღგვენიშნა...
შობა უკვე მოახლოვდა, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ გვაძლევს უფლებას, მასშტაბური ღონისძიება გავმართოთ და ვიმხიარულოთ..."-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კათოლიკეებს, შობა და დამდეგი ახალი წელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.
„დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს საქართველოს, სრულიად მსოფლიოს, რაც მთავარია, იყოს სიყვარული, ის რწმენა და მადლი, რისთვისაც დღევანდელი დღე არსებობს, რისთვისაც მაცხოვარი მოევლინა სამყაროს და იმ ღირებულებებით ვიცხოვროთ, რომ არსებობდეს სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთ მიტევება. რადგან უფალს თითოეული ჩვენგანი უყვარს“,- განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.