საქართველოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს.
წმინდა სინოდმა ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩია. იმავე წლის 25 დეკემბერს კი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ილია მეორის ინტრონიზაცია გაიმართა.
საქართველოს პატრიარქი XX-XXI საუკუნეების გამორჩეული რელიგიური ლიდერი და საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„საკუთარი მხრებით ვზიდავ ამ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, - ამ სიტყვებით ზუსტად 47 წლის წინ სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქმა ქართველ ხალხს მიმართა, რის შემდეგაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გადაიბარა.
კათოლიკოს-პატრიარქს უკავშირდება რეგიონებში ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ეკლესია-მონასტრების აშენება, პატრიარქის კურთხევით აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. მისი აღსაყდრებიდან დღემდე დამკვიდრდა ქართული მრავალხმიანი გალობა. წლების შემდეგ კი საგალობლებს თავად პატრიარქი წერს.
პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.
"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.