საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
პროექტი მონასტრის ნაგებობების – ძველი კაბიჭისა და დეკორატიული კედლის რესტავრაცია–რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. შეიცვლება კარიბჭის ჭიშკარი. შესასვლელეთან მოეწყობა ბეტონის კიბე. მონასტრის შიდა ტერიტორიაზე არსებული გრუნტის გზა კარიბჭიდან მთავარ ტაძრამდე დეკორატიული ბეტობუს ფილებით მოპირკეთდება. არსებული გარე განათება ახალი ლამპიონებით შეიცვლება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალი ჭიშკარი გაკეთდება.
ასევე აღდგება სამონასტრო კომპლექსის საცალფეხო ბილიკის დასაწყისში მდებარე ძველი სამეურნეო დანიშნულების ფარდული. აღდგება სათავსოს ფასადის ქვის წყობა. ხელახლა მოეწყობა ბანური გადახურვა, დამონტაჟდება ხის კარ–ფანჯრები, მოეწყობა დახლები და თაროები. სათავსოში მაღაზია სალონი განთავსდება, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ საეკლესიო ნივთები და ადგილობრივი წარმოების პროდუქტი შეიძინონ.
კომპლექსის მიმდებარედ განთავსდება ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები. ერთსართულიანი საზოგადოებრივი საპირფარეშო და პავილიონი შესაბამისი საინჟინრო კომუნიკაციებით, მონასტრიდან 150 მეტრის დაშორებით განთავსდება. დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ინფრასტრუქტურული ობიექტების ძირითადი შემადგენელი ნაწილები განთავსებული იქნება მონასტრის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის, ტერიტორია მონასტრიდან 3,6 კმ-ის მოშორებით შეირჩა.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "რესტავრატორები და კომპანია" შეასრულებს.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში აფინანსებს.
პროექტის ღირებულება 577 032 ლარია.
2016 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, საფარამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი დაიგო.
საფარა შუა საუკუნეების ქართული მონასტერია, რომელიც დაარსდა არაუგვიანეს მე–10 საუკუნისა. წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საფარის სამონასტრო კომპლექსი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის შემადგენლობაში შედის. მდებარეობს საქართველოს სამხრეთით, ახალციხის მუნიციპალიტეტში. ქალაქიდან დაშორებულია 7 კილომეტრით.