7 აპრილს მართლმადიდებლები ხარების დღესასწაულს ზეიმობენ
მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, 7 აპრილს, ყოვლადწმინდა ხარების დღესასწაულს ზეიმობს.
ამასთან დაკავშირებით, რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. მრევლი ხარებას ღამისთევით შეხვდა ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სრულიად კათოლიკოს–პატრიარქის კურთხევით, დიდმარხვა დღეს მორწმუნეებისთვის ზეთით, ხიზილალით და ზღვის პროდუქტებით ხსნილია.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.