დიდი ოთხშაბათი იესო ქრისტეს გაცემის დღეა
დიდი ოთხშაბათი, ქრისტიანულ სამყაროში, იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.
ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.
აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ბოროტი აზრი ჩაისახა, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება იმ დედაკაცს განადიდებს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, ხოლო იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კიცხავს და გმობს.
ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.
ვნების შვიდეული დიდმარხვის ბოლო კვირაა, რა დროსაც ქრისტიანული სამყარო იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავებას იგონებს.