ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ქრისტიანები მიცვალებულებს იხსენიებენ
აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.
ტრადიციულად, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ქრისტიანები მიცვალებულებს იხსენიებენ. საფლავზე გადიან, მაგრამ ამჯერად არა მათ საგლოვად, არამედ სათქმელად რომ "ქრისტე აღსდგა თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!"
მიცვალებულებთან განშორების მწუხარება, ამ დღეს თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმიდის მოწვევის ლოცვა "მეუფეო ზეცათაო..." სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".
ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი შეიძლება. იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას "გამარჯობის" ნაცვლედ ერთმანეთს ახარებენ: "ქრისტე აღსდგა!" - "ჭეშმარიტად აღსდგა!"
წყარო: orthodoxy.ge