20 მაისი 13 ასურელი მამის ხსენების დღეა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ზედაზნელს და მის 12 მოწაფეს იხსენებს, რომლებიც საქართველოში მე-6 საუკუნეში ჩამოვიდნენ და სამონასტრო ცხოვრება დააარსეს.
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე - აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი – სირიიდან საქართველოში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად შემოვიდნენ.
საქართველოში გამგზავრებამდე იოანე ზედაზნელს ღვთისმშობელი გამოეცხადა და მოუწოდა, რომ მისი ძის სარწმუნოება საქართველოში განემტკიცებინა.
წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა, მათგან თორმეტი გამოარჩია და საქართველოში წამოვიდა.
მცხეთასთან მამებს მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი მიეგებნენ.
წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. ისინი მოკრძალებულ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.
იოანე ზედაზნელის თორმეტმა მოწაფემ, საქადაგებლად და ღვთის რწმენის განსამტკიცებლად, საქართველოს სხვადასხვა კუთხე აირჩიეს.