საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 600–მდე ბავშვი გახდება.
ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. პროცესი დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 32 104 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"