21 ნოემბერს, მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში, სადღესასწაულო წირვა
სამშაბათს, დილით 10:00 დაიწყება. ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელში ოფიციალურად გაიხსნება დედათა მონასტრის ახალი შენობა და გაიმართება სოფელ საროს სამრევლო სკოლის პრეზენტაცია.
სკოლაში, საროსა და მიმდებარე სოფლებიდან მოსწავლეები – ტრადიციულ ხელსაქმეს, რელიგიას, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ.
ტაძრის დღესასწაულზე წირვას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში აღავლენს. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე გაშენებულ სოფელი ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან იხსენიება.
საროს XI-XII სს-ების მთავარანგელოზის ეკლესია მოზრდილი ორნავიანი ტაძარია. სამხრეთის ნავის უფასადო კიდეში ტრაპეზის ქვა და ემბაზია შემონახული. ასეთი ეკლესია საქართველოში სულ რამდენიმეა.
გადმოცემით, სოფელში ცხოვრობდა სამი ძმა, თავადიშვილები ყოფილან, აუშენებიათ ციხე და ეკლესია. რადგან თითოეულს ცალ-ცალკე მოძღვარი ჰყავდა, გაუკეთებიათ სამი ტრაპეზი, რომ ცალ-ცალკე შეესრულებინათ ღვთისმსახურება.
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
წმ.მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მიხედვით არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც მან განჭვრიტა.
ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი.
საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.