სამების ტაძარში 51-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რიგით 51-ე საყოველთაო ნათლობა გიორგობის დღესასწაულზე ჩაატარა.
ილია მეორე 600-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა.
დღესდღეობით პატრიარქს 34 000-მდე ნათლული ჰყავს.
ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლობა დაიგეგმა.
ეს იდეა ილია II-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.
ამ დროისთვის უწმიდესის ნათლულთა რიცხვი 34 000-ს აღწევს. ნათლობის რიგით 51-ე ეტაპი 2017 წლის 23 ნოემბერს შედგა.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.