მართლმადიდებელი ეკლესია 1 –ლ აპრილს ბზობას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას
ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ თევზი და დალიოთ ცოტაოდენი ღვინო.
მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.
ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.
როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს.
იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“
ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.