სამართალი
„არასრულწლოვნები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ“ - მოსწავლეების ცემისთვის არავინ დასჯილა
ახალციხეში, ორ იანვარს მომხდარი დაპირისპირების საქმეში, ბრალდებული სამი თვის შემდეგაც არ გამოვლენილა. შსს-ში ამბობენ, რომ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარე გამოკითხეს, თუმცა მოზარდები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

სამართალდამცველებს ამოღებული აქვთ ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყველა ვიდეოთვალის ჩანაწერი. ჩხუბში მონაწილე პირების თქმით, კადრებში გარკვევით ჩანს ვინ სცემს არასრულწლოვნებს. შსს-ს ცნობით კი ჩანაწერებზე მხოლოდ ახალგაზრდების გადაადგილებაა ასახული. შსს-ში ჯერ კიდევ 9 იანვარს ამბობდნენ, რომ დამნაშავეები რამდენიმე დღეში გამოვლინდებოდნენ.

"უახლოეს დღეში დაზარალებულად იქნებიან ცნობილი და რამდენიმე პირს ბრალი წაეყენება", - გვითხრეს სამი თვის წინ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

16 წლის ნ.კ. და მის ორ კალსელს 2 იანვარს, მისსავე სახლთან სცემეს. მეათეკლასელ ბიჭს ხელი ჰქონდა მოტეხილი. ე.წ. "ვერიპლანის" დასახლებაში დაწყებული დაპირისპირება მოგვიანებით ქალაქის ცენტრში გაგრძელდა. დიდიმამიშვილის ქუჩაზე ნ.კ.-ს ორ კლასელს და მათ მეგობარს სცემეს. ერთ-ერთს ყბა ჰქონდა მოტეხილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის ა, ბ და დ პუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
| Print |