სამართალი
„ახალციხის ციხიდან“ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა
ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ ყოფილმა თანამშრომელმა ვეფხვია სამსონიძემ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მიიღო.

ვეფხვია სამსონიძე სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ დაუკმაყოფილა.

მოსარჩელის ინტერესებს ადვოკატი ეკა აბაშიძე იცავს. მისი თქმით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა, რომ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციას არ განუხორციელებია რაიმე სახის მოკვლევა ოპტიმიზაციის მიზნით. (ახალციხის ციხის დირექტორი ვეფხვია სამსონიძის გათავისუფლების მიზეზად სწორედ ოპტიმიზაციას ასახელებს).

„მოსამარეთლე უდავო გარემოებად უთითებს, რომ ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორის 2019 წლის 5 აპრილის #73 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა თანამშრომლების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თუმცა საქმეში არ იძებნება უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა თუ რომელი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა სამსონიძემ“, - წერია სარჩელში, რომელიც ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა. ეკა აბაშიძის თქმით, მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ ვეფხვია სამსონიძე ობიექტზე სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდა და ის გარემოება, რომ 2019 წლის 4 აპრილს დამტკიცებული საშტატო განრიგით სამსახურს სახელი შეეცვალა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში გაერთიანდა, სულაც არ ნიშნავდა, რომ სამსონიძის გათავისუფლება ოპტიმიზაციიდან გამომდინარეობდა.

რეორგანიზაციის გამო, "ახალციხის ციხიდან" შვიდი თანამშრომელი 2019 წლის ხუთ აპრილს გაათავისუფლეს. დირექტორი განმარტავდა, რომ გამართული და ეფექტური მუშაობისთვის სტრუქტურული ცვლილებები იყო საჭირო. სასამართლოს ორმა გათავისუფლებულმა მიმართა. მათგან ერთ-ერთმა, მაია მამულაშვილმა პირველი ინსტანციაში საქმე მოიგო, თუმცა გადაწყვეტილების გასაჩივერებას აპირებს „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია.

ამავე თემაზე: 

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა „ახალციხის ციხეს“ საქმე მოუგო

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი სასამართლოში ჩივის

ახალციხის ციხიდან შვიდი თანამშრომელი რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს
| Print |