სამართალი
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა

 

შსს-ს თანამშრომლების მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ 104 მოქალაქე საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო დააჯარიმა.

13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. მათ შორის ერთ-ერთი, ახალციხის ცენტრალური ბაზარი "ალფა მარკეტია'.

"პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები", -
წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

| Print |