სამართალი
ქალის გარდაცვალებას შსს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს
70 წლამდე ქალის ცხედარი, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზაზე ჯერ არ გადაუსვენებიათ. ექსპერტმა სიკვდილის მიზეზი უნდა დაადგინოს. მანამდე კი მეზობლები არ გამორიცხავენ, პირველადი ვერსია - გაზით გაგუდვა, განზრახ მკვლელობამ შეცვალოს.

„ორი დღეა არ მინახავს. ნათესავი მოვიდა დღეს, კარი ღია დახვდა, შევიდა სახლში და ყველაფერი არეულ-დარეული იყო. შეეშინდა და ყვირილი დაიწყო, მაშივე პოლიციას გამოუძახეს. სოციალურ დახმარებას იღებდა, რა უნდოდათ ამ ქალთან არ ვიცი“, - გვიყვება გარდაცვლილის მეზობელი მარგალიტა მალცოვა.

კიდევ ერთი მეზობელი, რომელიც სახლში ერთ-ერთი პირველი შევიდა ამბობს, რომ სახლში გაზის სუნი იდგა. ის არ გამორიცხავს, რომ ასაკიანი ქალი მოკლულია.

„მთელი სახლი თავდაყირა იყო, ზეწრები დახეული ეყარა. ბევრი ნაფეხური იყო, ჭუჭყიანი ფეხსაცმლის კვალი. შეიძლება ვინმე შევიდა, შემოაკვდათ და კვალის დაფარვის მიზნით გაზი გაუშვეს, რომ გაგუდული გვგონებოდა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

ხანშიშესული, მარტოხელა ქალი გარდაცვლილი დღეს, 27 თებერვალს რუსთაველის ქუჩაზე,
საკუთარ სახლში იპოვეს.
| Print |