სამართალი
ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა, სადაც პროკურატურა არტურ გაბრიელიანს განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას/შენახვასა და გამოყენებას ედავებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე ხუთი წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა.
საქმე ეხება 2020 წლის 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრში მომხდარ ჩხუბს, რა დროსაც სოფელ გულიკამის მკვიდრი, 27 წლის ვარდან მირანიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 37 წლის არტურ გაბრიელიანი დააკავა.
ვარდან მირანიანის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სოფელ გულიკამიდან 100-მდე ადამიანი ახალქალაქში წამოვიდა და ქალაქში არეულობა დაიწყო. თანასოფლელის მოკვლით განრისხებულმა გულიკამელებმა ცეცხლი ჯერ მკვლელობაში ბრალდებულის სასტუმროს, ხოლო შემდეგ გაბრიელიანის მამისა და ძმის სახლებს წაუკიდეს.
გააზიარეთ :