სამართალი
რას ჰყვებიან სკოლიდან თანხის მოპარვაზე დირექტორი და დაკავებულის მამიდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის დირექტორი იხსენებს თუ როგორ აღმოაჩინა დიდი ოდენობით დანაკლისი. მერაბ ბერიძის თქმით, მას შემდეგ რაც საკანცელარიო ნივთების შესაძენად თანხა ვერ გადარიცხა, ბანკიდან ამონაწერი ამოიღო. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ 80 000 ლარზე მეტი, რომელიც ანგარიშზე უნდა ჰქონოდა, აღარ ფიქსირდებოდა. დირექტორი ამბობს, რომ თანხის დაკარგვის თაობაზე მაშინვე განაცხადა.

ბრალდებული ბუღალტრის გამზრდელი მამიდა გამოძიებას არ ეთანხმება. ქალს არც იმის სჯერა, რომ მისი ძმისშვილი მოპარულ თანხებს ტოტალიზატორში რიცხავდა.

შეგახსენებთ, რომ დერცელის ყოფილი ბუღალტერი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 17 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჯამში 142 904.31 ლარი გადაირიცხა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა თანხა აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

ნ.ჯ. დერცელის სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე 2016-2021 წლებში მუშაობდა. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ნ.ჯ. ბრალდებას აღიარებს.
| Print |