სამართალი
კლინიკა "იმედმა" გათავისუფლებულ ექიმს დაკისრებული თანხის ნაწილი ჩაურიცხა
კლინიკა "იმედმა", ერთი წლის წინ, შინაგანაწესის დარღვევის მიზეზით გათავისუფლებულ ექიმს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ნაწილი გადაუხადა. ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატის ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, კლინიკამ საშემოსავლო გადასახადი დაუკავა, მაშინ როცა ისინი სარჩელის თანახმად ხელზე ასაღები თანხის ოდენობას ითხოვდნენ.

"ჩვენ ვითხოვდით ხელზე ასაღებ თანხას და რაღატომ დაუკავეს არ ვიცი", - ამბობს ბონდო ვათიაშვილი. მისივე თქმით, ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატები დეტალებს არკვევენ.

მოსამართლე მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, ექიმისთვის კლინიკას, გათავისუფლებიდან აღსრულებამდე, ყოველთვიურად 800 ლარი და კომპენსაცია 1800 ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა, რაც ჯამში, დაახლოებით 11 400 ლარს შეადგენდა.

კლინიკა "იმედი" პირველივე ინსტანციის გადაწყვეტილებას დაემორჩილა კიდევ ერთი გათავისუფლებული ექიმის, რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურის შემთხვევაშიც. ექიმის ადვოკატის თამარ ნადირაძის თქმით, აფციაურს კლინიკიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ.

ექიმები კლინიკა "იმედს" უკანონო გათავისუფლებას თითქმის ერთი წელია ედავებიან. ორივე მათგანი ადმინისტრაციამ 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის დარღვევის გამო
გაათავისუფლა.
| Print |