სამართალი
"იმედი" თანახმაა, გიორგი აფციაურს დაკისრებული, 114 000 ლარზე მეტი გადაუხადოს
კლინიკა "იმედი" თანახმაა, რომ ექიმ-რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურს, მოსამართლის მიერ დაკისრებული თანხა გადაუხადოს. მედიკოსის ადვოკატის თამარ ნადირაძის ინფორმაციით, აფციაურს კლინიკიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ.
"კლინიკა "იმედმა" მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადავოდ არ მიიჩნია. მისი წარმომადგენელი დაუკავშირდა გიორგი აფციაურს. უთხრა, რომ კლინიკა აღარ აპირებს დავის გაგრძელებას. შესაბამისად, გიორგი აფციაური ელოდება კლინიკის მხრიდან თანხის ანაზღაურებას", - განმარტავს ადვოკატი.
საუბარია დაახლოებით, 114 000 ლარზე, რომელიც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კლინიკა "იმედს" დააკისრა. კერძოდ:
- მოსამართლე მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, კლინიკამ აფციაურს, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის სახით 16 161,56 ლარი უნდა გადაუხადოს.
- ასევე, ეკისრება იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 8080 ლარის და 56 თეთრის ოდენობით. რაც 2021 წლის 1–ელი ივლისიდან დღემდე, დაახლოებით, 96 966 ლარია.
- გარდა ამისა, კლინიკა „იმედს“ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის ანაზღაურებაც.
გიორგი აფციაურმა კი კლინიკას, სახელმწიფო ბაჟის სახით, 100 ლარის უნდა გადაუხადოს.
თაემასთან დაკავშირებით, ვცადეთ დავკონტაქტებოდით კლინიკა "იმედის" დირექტორს გიორგი ბარძიმაძეს, თუმცა იგი "მეცხრე არხის" ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური კლინიკის ადმინისტრაციამ, შინაგანაწესის დარღვევის მიზეზით, 2021 წლის 1 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლა. მასთან ერთად, კლინიკის დატოვება მოუწია კიდევ ერთ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს. ორივე მათგანმა კლინიკის წინააღმდეგ ახალციხის რაიონულ სასამართლოში შრომითი სამართლებრივი დავა წამოიწყო. ისინი სამსახურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებასა და კომპენსაციის ანაზღაურებას მოითხოვდნენ. მოსამართლემ ორივე შემთხვევაში მათი სარჩელი მხოლოდ სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დააკმაყოფილა.
რა გადაწყვეტილება მიიღო ვიოლეტა ინასარიძესთან დაკავშირებით კლინიკამ, უცნობია. ექიმის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
გააზიარეთ :