სამართალი
ახალქალაქში გარდაცვლილი ქალის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში 27 წლის ქალის გარდაცვალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული შინაპატიმრობით ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით - ორიდან ოთხ წლამდე.
მზისა ზაზაძის გარდაცვალების დეტალებს უკვე სწავლობს წამლისა და სამედიცინო რეგულირების სააგენტო.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი 7 აგვისტოს ახალქალაქის კლინიკაში გარდაიცვალა. მანამდე მან 20 ივლისს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმშობიარა, საიდანაც როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ჩივილების მიუხედავად მაინც გაწერეს. რამდენიმე დღეში ახალნამშობიარები ქალის მდგომარეობა დამძიმდა და კომაში ჩავარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. პაციენტის ახლობლები კლინიკას უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
გააზიარეთ :