სამართალი
დერცელის სკოლის დირექტორს გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება
დერცელის სკოლის ბუღალტრის დაკავების შემდეგ, გამოძიებამ ბრალი ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს წარუდგინა. მას მართმსაჯულება სამსახურეობრივ გულგრილობაში ედავება. მერაბ ბერიძე ამ დროისთვის სკოლის ხელმძღვანელი თანამდებობის პოსტს აღარ იკავებს. მისი პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიებამ მიმდინარე წლის ივნისიდან დააყენა. საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს.

ბრალდებული თავს დამნაშავედ მიიჩნევს და ამბობს, რომ ბუღალტრის მიერ შევსებული დოკუმენტაცია აღარ გადაამოწმა.

"მოსამართლესაც და გამოძიებასაც ვეთანხმები. ხომ გაგიგიათ: ენდე, მაგრამ შეამოწმე. ჩემი ბრალეულობა ეს არის: ვენდე მოტანილ დოკუმენტაციას, მაგრამ ბანკში აღარ გადავამოწმე.

სამსახურში დაბრუნება არ მეკრძალება. პედაგოგიურ საქმიანობას გავაგრძელებ. დირექტორის თანამდებობაზე აღარ",
- ამბობს მერაბ ბერიძე.

გამოძიებამ მას ბრალი საქართველოს სსკ-ს 342 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ დერცელის ყოფილი ბუღალტერი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 17 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჯამში 142 904.31 ლარი გადაირიცხა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა თანხა აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

ნ.ჯ. დერცელის სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე 2016-2021 წლებში მუშაობდა. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ნ.ჯ. ბრალდებას აღიარებს.
| Print |