სამართალი
აწყვიტაში მოკლული კაცის შვილები სასამართლო დარბაზში დააკავეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მოკლული ივანე წითლანაძის შვილები დავით და მათე წითლანაძეები სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით დავით წითლანაძეს 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათე წითლანაძეს კი 2 წლის ვადით.

დავით და მათე წითლანაძეები სსკ -ის სამი მუხლით გასამართლდნენ - ჯგუფური ძალადობა, სხვისი ნივთის განადგურება და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. ისინი წარდგენილ ბრალდებას აღიარებენ და თავს დამნაშავედ ცნობენ.

საქმე ეხება 2021 წლის 29 დეკემბერს ასპინძის სოფელ აწყვიტაში მომხდარ ინციდენტს, როცა ძმები ახლობლებთან ერთად არაფხანიანების ოჯახში მივიდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით გულის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა დავით და მათე წითლანაძეების მამა ივანე წითლანაძე.

46 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს ნოდარ არაფხანიანი, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩხუბის დროს ასევე დაშავდნენ არაფხანიანის ოჯახის წევრები.

| Print |