რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა 1-ლი დეკემბრიდან
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილა.
კანონპროექტები დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება სახიფათოა ნისლის, წვიმის, თოვლის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, როდესაც ხილვადობა შემცირებულია. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა ზამთრის პერიოდში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელიც არ არის აღჭურვილი შესაბამისი საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. განსაზღვრულ ზონებში ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით.
"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე, კანონით დადგენილ პერიოდში ზამთრის საბურავების, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ნორმების დამრღვევ პირს ფულად ჯარიმასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.