პრეზიდენტის, არასამთავრობოების და ოპოზიციის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო ერთად განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება.
როგორ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „გონივრულ ვადებში იქნება მიღებული“.
„საქართველოს პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი გაერთიანებულია ერთ წარმოებად. ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს რეზოლუცია. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების სარჩელს, ეს სარჩელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმ ორ სარჩელს შეუერთდება“,-განაცხადა ტურავამ.
მისი განმარტებით, საკითხის განხილვას მინიმუმ 1 თვე მაინც დასჭირდება.
„კანონი არამარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლის კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას 1 თვემდე მაინც დასჭირდება. ვადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს. ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიის ფორმატში, პლენუმის ფორმატში განიხილება. ამ ეტაპზე მოსამართლეები სარჩელებს სწავლობენ“,-განაცხადა ტურავამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისთვის და ყველა მოსამართლისთვის ევროპა და ევროინტეგრაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, მერაბ ტურავა აღნიშნავს, რომ სასამართლო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსად იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესის ყველა მონაწილეს მოეწონება.