კარწახში, საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული ე.ი. და 1994 წელს დაბადებული ბ.ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს.