"გამატარეს ცემა-ტყეპის კორდონი" - ბადრი გრიგალაშვილი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს
"თბილისი მოლთან" დაკავებული, წარმოშობით ვალიდან ბადრი გრიგალაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს. პარტია „გირჩი–მეტი თავისუფლების წევრი, "ტვ პირველის" ეთერში დეტალურად იხსენებს 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს.
ბადრი გრიგალაშვილი "თბილისი მოლთან" აქციაზე დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა.
გრიგალაშვილი ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა, ცემა-ტყეპის კორდონში გაატარეს, შემდეგ გზის სავალ ნაწილზე დააგდეს და სასტიკად უსწორდებოდნენ - "ამის მითითებებს ზვიად ხარაზიშვილი იძლეოდა".
"თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი მეც. მშვიდობიან აქციაში ვიღებდი მონაწილეობას. მახსოვს, არა თუ გზას ვკეტავდი, არც ტროტუარზე არ ვდგავარ. ვიდექი ფერდობზე, სადაც დავინახე როგორ დაიძრა ე.წ. ხარებას რამდენიმე ნიღბიანი წარმომადგენელი გოგონას მიმართულებით. მის მიმართ მიმდინარეობდა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები ისეთი სიტყვებით, რომ მეუხერხულება მაგის გამეორება. იმ მომენტში ვერ მოვახერხე, რომ გავქცეულიყავი. ვუყურებდი, რომ იქნებ რამენაირად დავხმარებოდი ამ გოგონას.
მერე გადაწყვიტეს გოგონას დაკავება და მის ირგვლივ ვინც ვიდექით რამდენიმე ადამიანი, ეს ბიჭები, ეს ხალხი წაგვიყვანეს. მე ჩამავლეს ხელი, დამაგდეს გზის სავალ ნაწილზე, ჩამომათრიეს ამ ფერდობიდან. გამატარეს ცემა-ტყეპის კორდონი, სანამ მიმიყვანდნენ ამ მინივენამდე. მთელი გზა ფიზიკურად მისწორდებოდნენ.
ძირს ვეგდე, თავის აწევასაც ვერ ვახერხებდი, ყველა მხრიდან მხვდებოდა ან წიხლი, ან ხელი, რა ვიცი ყველაფერი. მახსოვს, რომ სანამ მინივენში ჩამსვამდნენ, რამდენიმე მეტრში თვითონ ზვიად ხარაზიშვილი იდგა და ბრძანებებს გასცემდა. ძალიან ირონიულია, რომ მისი, როგორც განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ვალდებულებაა, რომ ძალადობს აქტს რომ ხედავს, ხელი შეუშალოს და მოქალაქის უფლებები დაიცვას", - ამბობს ბადრი გრიგალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.