მუშაობას საღამოს იწყებს, როცა სამსახურიდან ბრუნდება. არქიტექტორის ხელსაწყოებს გვერდზე დებს და მრავალფუნქციურ საკერვ მანქანას მიუჯდება.
თეთრეული, მაგიდის გადასაფარებლები საახალწლო დეტალებით და საბავშვო კარვები ქალაქ ვალეში, შებინდებულზე იქმნება.
ხატია კაკჩიშვილი 26 წლისაა. კერვა ბავშვობაში დაიწყო, თუმცა სანამ ხელსაქმეს ბიზნესად აქცევდა, დედას ეხმარებოდა და საკუთარ ტანსაცმელსაც კერავდა.
თექაზე 13 წლიდან მუშაობს. სკოლის მოსწავლე მატყლისგან აქსესუარებს ამზადებდა და გამოფენებშიც იღებდა მონაწილეობას.
დიზაინერობა უნდოდა. სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, თუმცა სწავლა არქიტექტურის რესტავრაციის მიმართულებით განაგრძო. ახლა მაგისტრატურაზე სწავლობს. კერვის პარალელურად, სადიპლომოზე მუშაობს. თემად ისტორიული შენობა, ორბელიანების სასახლის რესტავრაცია შეარჩია.
სამი წლის წინ გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება აეხდინა და შემოსავლის დამატებით წყაროდ ექცია. "2015 წელს "აწარმოე საქართველოში" დავწერე პროექტი. მაშინ მივხვდი - ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომ ბავშვობის ოცნება ამესრულებინა. გავიმარჯვე და სამსახურთან შეთავსებით ნელ-ნელა სამკერვალოს ამუშავება დავიწყე. ბავშვობაში ტანსაცმლის ჩანახატებს რომ ვაკეთებდი, ბოლოს ყოველთვის ვაწერდი ინიციალებს - K&K. ბავშვობის ოცნება ახლა განვახორციელე და ჩემს ბრენდს ქეი&ქეი დავარქვი".
თავდაპირველად თეთრეულის შეკრევით დაიწყო. ეს უფრო ადვილი იყო და დიდ დროს არ ართმევდა. დღისით ახალციხის მერიაში მუშაობს და არქიტექტურის რესტავრატორის ფუნქციას აზრულებს, საღამოობით კი კერავს და შეკვეთებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აგზავნის. "ახალი წელი ახლოვდებოდა და მივხვდი რომ მომხმარებლისთვის რამე ახალი უნდა შემეთავაზებინა. ასე დავიწყე სხვადასხვა ფერის მაგიდის გადასაფარებლების და ხელსახოცების კერვა.
აქცენტს ხარისხიან ნაკერზე, ბამბის ქსოვილსა და მომხმარებლისთვის სასურველ ზომებზე აკეთებს. "ჩემთან მზა პროდუქცია იშვიათია, ვმუშაობ შეკვეთებზე. თუმცა წინასაახალწლოდ დავუშვი გამონაკლისი და შევკერე კოლექცია. დიზაინს ვაკეთებ ჩემი გემოვნებით, თუმცა კლიენტს არ ვუკარგავ ფანტაზიას და გემოვნებას. რა ფერებიც უნდა, იმაზე ვმუშაობ. მაგრამ შემაქვს შენიშვნები და დეტალები, ვთანხმდებით როგორია უკეთესი. ბოლომდე ვიხარჯები თითოეულ მომხმარებელთან, რა და როგორი უნდა.
პატარა მომხმარებლების გემოვნებას მოარგო ახალი კოლექცია, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნა. ფერად და კომფორტულ კარვებში პატარები საკუთარ სამყაროს იწყობენ. "გადავწყვიტე, საბავშვო ხაზით წავიდე. ბევრი იდეა მაქვს ამ მხრივ. გაზაფხულიდან შევკერავ ჩვილის საწოლის გამოსაკრავებს, თეთრეულს, სახელებს. ყველაფერს, რაც ბავშვს ეხება".
გაზაფხულიდან ორიგინალურ, ფერად და ხელნაკეთ აქსესუარებს გოგონებსაც შესთავაზებს. ხატია აპირებს, რომ ახალგაზრდებისთვის მოდური საწვიმარი შეკეროს.
26 წლის გოგოს იდეები და ინიციატივები ამით არ მთავრდება. უახლოეს მომავალში უნდა, რომ თავის საქმიანობას საწარმოს სახე მისცეს. ამისთვის ვალეში შენობა შეიძინა და კერვის გაგრძელებას გეგმავს. როცა საწარმო ოფიციალურად გაიხსნება და გაფართოვდება, K&K მხოლოდ ერთი გოგოს ახდენილი ოცნება აღარ იქნება.
საქმე ბევრია. დღისით ფანქრებითა და არქიტექტორის ხელსაწყოებით ხელში ობიექტებზე შეხვდებით, სადაც ნახაზებზე მუშაობს. დროს სწავლასაც უთმობს. თავად სტუდენტია, თუმცა სასულიერო სემინარიაში ხატვასაც ასწავლის. საღამოს კი, შებინდებულზე მრავალფუნქციურ საკერავ მანქანას მიუჯდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გასაგზავნ კარვებს, თეთრეულს თუ ბავშვების ნივთებს შეკერავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.