ოჯახის სიწმინდის დღეს მართლმადიდებლები მსვლელობით აღნიშნავენ
17 მაისს, საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება.
საპატრიარქო, ილია მეორის ინიციატივით დაარსებულ თარიღს, თბილისში მსვლელობის გამართვით აღნიშნავს, რომელიც 17:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. დღის ბოლოს სამების ეზოში დაგეგმილია, ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" მიერ ორგანიზებული კონცერტიც.
"აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.
კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი", - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ, ხუთი წლის წინ, საქართველოს პატრიარქმა გამოაცხადა.
ამ დღეს მსოფლიო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება. თარიღის აღნიშვნა მსოფლიოში, 2004 წლიდან დაიწყო.
ამ დღეს საქართველოში შესაბამისი აქცია არ გაიმართება. "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტებმა აქციის გამართვაზე უარი შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად თქვეს.