საზოგადოება
ვარძია-გოგაშენის გზა ჩახერგილი კიდევ ორი თვე იქნება

ახალქალაქის ხუთი სოფლის მოსახლეობა, გოგაშენი-ვარძიის დამაკავშირებელი გზით, სავარაუდოდ კიდევ ორი თვე ვერ ისარგებლებს. დამეწყრილ გზაზე, რომელსაც 10 დღე მძიმე ტექნიკით წმენდნენ, მიწის მასა ხელახლა ჩამოწვა. მშენებელ კომპანიასთან ერთად, საქმე გაურთულდა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც, რადგან დაგეგმილი პროექტი პირვანდელი სახით ვეღარ განხორციელდება - ის კორექტირებას საჭიროებს. 

ვარძია-გოგაშენის დამაკავშირებელ გზაზე, ჩამოშლილი მიწის გატანის პროცესი შეჩერებულია. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გეოლოგების დასკვნას ელიან, რის შემდეგაც გადაწყდება, როგორ გაგრძელდეს გაწმენდითი სამუშაოები.

„დასკვნა ორშაბათს გვექნება. ამ სამუშაოებს კარგი დაგეგმვა უნდა. სამჯერ მეტი მიწის მასაა მოწყვეტილი. ამასთან რთული მონაკვეთიცაა, გაწმენდითი სამუშაოები ზევიდან არის დასაწყები. ჩამოწოლილი მასის გამოტანა ეტაპობრივად იქნება საჭირო. ორი დიდი ლოდია, რომელიც სიფრთხილით უნდა გამოვიტანოთ“, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილმა, რომელმაც დამეწყრილი მონაკვეთი 13 ივნისს დაათვალიერა. მისი თქმით, გზის გაწმენდა გეოლოგების დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება. იგი ვარაუდობს, რომ სამუშაოები ორი თვე გაგრძელდება.

„სამჯერ მეტი სამუშაოა შესასრულებელი, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ორი თვე გაგრძელდება. გეოლოგებმა მოცულობა ნახეს, ასევე რა მდგომარეობაა ადგილზე. როგორი რიგითობით უნდა ჩატარდეს სამუშაოები. მათი დასკვნის შემდეგ გაირკვევა გაწმენდითი სამუშაოების პრინციპი. გზა ვიწროა, რაც ტექნიკის მუშაობას ართულებს. თანხა ისევ ცენტრალური ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი“.

უკვე ერთი თვეა, სამცხეში მიმავალ ტურისტებს, დამეწყრილი გზის გამო უკან აბრუნებენ. ვარძია-გოგოაშენის დამაკავშირებელ გზაზე ერთი თვეა გადაადგილება აკრძალულია. მოქალაქეები შემოვლითი გზით სარგებლობენ, რომელიც გზას დაახლოებით, 40 კმ.-ით აგრძელებს. 

„ტურისტები მოდიან და უკან ბრუნდებიან, რადგან გზა ჩახერგილია. სხვა დროს ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. შემოვლითი გზით უნდა გავიაროთ 35 კილომეტრი, ჩავიდეთ ახალქალაქში და შემდეგ წამოვიდეთ ახალციხეში. თუ აქამდე ერთ საათში უნდა ჩავსულიყავით, ახლა სამი საათი გვჭირდება“,- ამბობს მერის წარმომადგენელი გოგაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ნათენაძე.

„უგზოობაა, ძალიან ვწვალობთ სოფლის მოსახლეობა, შორი გზიდან გვიწევს შემოვლა“, - გვითხრა გოგაშენის მკვიდრმა გიორგი ნათენაძემ.

45 მეტრ სიგრძეზე მეწყერი პირველად 13 მაისს ჩამოწვა. ტერიტორიის გაწმენდა შპს „ასტორიამ“ დაახლოებით, 10 დღის წინ დაიწყო და 30 000 კუბური მეტრი მიწის მასა გაიტანა. ხელისუფლება გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, საყრდენი კედლის აშენებას გეგმავდა. კომპანიას გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებული ჰქონდა, რომ იგივე მონაკვეთზე მიწა მეორედ, უფრო დიდი რაოდენობით ჩამოიშალა.

„მთლიანად უნდა მოხსნილიყო ის მონაკვეთი, პარალელურად ადგილობრივი მთავრობა საკუთარი სახსრებით მოამზადებდა პროექტს. კედლის აშენებისთვის თანხას კი სახელმწიფო ბიუჯეტი გამოყოფდა. რადგან მიწა კიდევ ჩამოიშალა, თანხა იმაზე მეტი დასჭირდება, ვიდრე ვვარაუდობდით. ეს ყველაფერი სპეციალისტებმა უნდა დათვალონ“, - ამბობს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე.

გაწმენდითი სამუშაოებისთვის თავდაპირველად, 150 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან, მთავრობის განკარგულებით გამოიყო. სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ხელმეორედ ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ხელისუფლებას თანხის დამატება მოუწევს.


„გაწმენდითი სამუშაოები აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, სოფლების მოსახლეობას 40 კმ-ით უმოკლებს მანძილს. გარდა ამისა, ამ გზას აქვს ტურისტული დანიშნულება. ახლაც, როცა გადაადგილება ვერ ხერხდება, უამრავი ტურისტი მოდის და ვუშვებთ უკან. არ შეიძლება ეს ფუნქცია დაეკარგოს. აუცილებლად გავაკეთებთ ამ გზას“,
- გვითხრა რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ.

| Print |