ვარძია-გოგაშენის გზაზე მეწყერი ხელახლა ჩამოწვა
ვარძია-გოგაშენის დამაკავშირებელი გზა, რომელსაც ნაშალი მიწისგან მძიმე ტექნიკით წმენდნენ, ხელახლა დაიმეწყრა. მიწის მასა 12 ივნისს, გვიან ღამით ჩამოწვა.
ადგილზე არიან სამხარეო ადმინისტრაციის და მერიის წარმომადგენლები. გოგაშენში გეოლოგებს ელიან, მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება როგორ გაგრძელდეს გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშოები.
„სავარაუდოდ მაშინ ჩამოწვა, როცა აღარ მუშაობდნენ. როგორც ადრე იყო, ისევ ისეა. ალბათ ვერ გაუძლო მასას. რთული სამუშაოა, ფრთხილად უნდა იყვნენ, ვინც ტექნიკაზე მუშაობს. მინიმუმ, 10 დღე მაინც დასჭირდება ამის ხელახლა გაწმენდას“, - გვითხრა მერის წარმომადგენელმა გოგაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ნათენაძემ.
„ორი დღის სამუშაოები ჰქონდა დარჩენილი მშენებელს და ასრულებდა უკვე. მოწყდა მიწის უფრო დიდი მასა. გაწმენდითი სამუშაოები აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, სოფლების მოსახლეობას 40 კმ-ით უმოკლებს მანძილს. გარდა ამისა, ამ გზას აქვს ტურისტული დანიშნულება. ახლაც, როცა გადაადგილება ვერ ხერხდება, უამრავი ტურისტი მოდის და ვუშვებთ უკან. არ შეიძლება ეს ფუნქცია დაეკარგოს. აუცილებლად გავაკეთებთ ამ გზას“, - გვითხრა რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ.