საზოგადოება
ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ალექსანდრე მანველიშვილის არქივი საქართველოშია


პუბლიცისტის და ისტორიკოსის, ვალელი ალექსანდრე მანველიშვილის პირადი ნივთები საქართველოშია. 295 კგ. არქივი მისმა შვილებმა აშშ-ში, დენვერთან არსებულ პატარა ქალაქ ავრორადან გამოაგზავნეს. 20-მდე ყუთს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მომავალ კვირას გახსნიან.

მოლაპარაკება, რომ ამერიკაში მცხოვრები ქართველი პუბლიცისტის არქივი სამშობლოში დაბრუნებულიყო, მანველიშვილის შვილებთან ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა იანვარში აწარმოეს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა პუბლიცისტისა და ისტორიკოსის ავტობიოგრაფია და რამდენიმე ხელნაწერი აშშ-ში ვიზიტის დროს ჩამოიტანეს.

მემუარები, მიმოწერა, წიგნები, ფოტო-ალბომები, გამომცემლობის სასტამბო აღჭურვილობა, გიორგი წერეთელის, ლეო კერესელიძის, ვიქტორ ნოზაძის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი - ეს ყველაფერი ალექსანდრე მანველიშვილის უნიკალურ არქივს წარმოადგენს, რომელსაც მისი ორი შვილი 12 წელია აშშ-ში, 20 ყუთში ჩალაგებულს ხელშეუხებლად ინახავდა. პოლ და პიტერ (პეტრე და პავლე) მანველები ამ დრომდე ელოდნენ, როდის დაინტერესდებოდნენ მამის ნაშრომებით ემიგრანტის სამშობლოში. 

„ალექსანდრეს თავად გადაურჩევია რა იყო მნიშვნელოვანი. ფიქრობდა, რომ რაც შეინახა ყველაფერი საჭირო იყო. მის მიერ გამოცემული ჟურნალები, ნაშრომები, წიგნები, საბეჭდი მანქანაც კი“, - თქვა ეროვნული ბიბლიოთეკის ამერიკული დარბაზის კურატორმა მაია სიმონიშვილმა, რომელმაც უნიკალური არქივი აშშ-ში თავად დაათვალიერა. მისი თქმით, ამერიკიდან ჩამოვიდა წარმოშობით ახალციხელი დისიდენტის, სამშობლოდან აშშ-ში გახიზნული უფლებადამცველის ვალერი ჭალიძის არქივიც, რომელიც განადგურებას მისმა ცოლმა გადაარჩინა.

ნახეთ "მეცხრე არხის" მიერ, ალექსანდრე მანველიშვილის შესახებ მომზადებული მასალა.


ფოტოები ეკუთვნის გიორგი კეკელიძეს.

| Print |