საზოგადოება
ხვალიდან ოთხ ქალაქში შესვლა-გამოსვლა ორი დღით ნებადართულია
ორშაბათს და სამშაბათს [27 და 28 აპრილს], ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში მოქალაქეებისთვის შესვლა-გამოსვლა, გამონაკლისის სახით, შესაძლებელი იქნება.
27 აპრილიდან ასევე დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ დასახლებებისა, სადაც კარანტინია გამოცხადებული.
პარალელურად, ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო არის შემოღებული. მაგალითად, მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს. მოქმედებს ასევე კომენდანტის საათიც – საღამოს 9-დან, დილის 6 საათამდე.
აღნიშნულ ოთხ ქალაქში შესვლა-გამოსვლის აკრძალვის ორი დღით მოხსნაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თუმცა, რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გამოქვეყნებულა.
მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე [144] თქვეს, რომ „ამ ქალაქებში შესვლის და გამოსვლის უფლება, 27 და 28 აპრილს, გამონაკლისი წესით, დასაშვები არის მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამავე ქალაქებში შესვლა და გამოსვლა შესაძლებელია რეგისტრირებულ მისამართზე გადაადგილების მიზნით, ასევე, სამუშაო ადგილებზე დასაბრუნებლად. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ოფიციალური მითითება“.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მაგალითად, თბილისში მყოფ სტუდენტს, თავისი ოჯახის წევრმა, რომელიც სხვაგან არის რეგისტრირებული, ჩააკითხოს თბილისში მანქანით და წამოიყვანოს? – მთავრობის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ – კი: „საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით გადაადგილება არის დაშვებული. ამ მანქანას შეუშვებენ თბილისში. თუმცა, ასეთ დეტალებში არ ჩავიდეთ, რაც გვაქვს გაწერილი გეუბნებით, რომ 27-ში და 28-ში გამონაკლისის წესით დასაშვები არის შესვლა და გასვლა ფაქტობრივ ან იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით და ვინ წაიყვანს და ვინ წამოიყვანს, ამას არღარ ჩავეძიოთ. გადაადგილებას კი შეთანხმება არ სჭირდება“.
144-ზე განმარტეს, რომ „ორი დღით ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლაზე, იმ პირებისთვის, რომლებიც სხვაგან არიან რეგისტრირებულნი, პრობლემა არ იქნება. ეს ქალაქები იქნება ღია ამ დღეებში, შემდეგ კი, ისევ შეიზღუდება მიმოსვლა“.
ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, 16 აპრილიდანაა აკრძალული. ამ ოთხ ქალაქში შესვლა არ ეკრძალებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო ამ ქალაქებიდან გასვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც სხვაგან არიან რეგისტრირებულნი. სხვა შემთხვევაში ქალაქები ჩაკეტილია.
ეს შეზღუდვა 29 აპრილიდან კვლავ დარჩება ძალაში.
გააზიარეთ :