“კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით 2024 წელს საქართველოს ქულა უცვლელი დარჩა - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, 100-ბალიან შკალაზე 53 საშუალო შედეგია, თუმცა 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა არც რაიმე კონკრეტული რეფორმები განხორციელებულა, რაც დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა.
ამასთან, ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველო დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, რაც წლების წინ კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული რეფორმების ეფექტურობაზე მიუთითებს.
„ცხადია, დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. მეტიც, წვრილმანი მექრთამეობის დაბრუნებაც სავსებით შესაძლებელია, თუ სისტემური რეფორმები არ გატარდება ანტიკორუფციული სისტემისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით“,- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევები სწორედ ეს არის.