ჰუმანიტარული დერეფნებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში რეაგირება მოხდება - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, მთიან ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე, საქართველოს მხრიდან, აზერბაიჯანი- სომხეთის მიმართულებით, სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი შეჩერდა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით.
„საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც საქართველოს საჰერო სივრცეში სრულდება, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და ის სრულად შეესაბამება იკაოს სტანდარტებს.
საქართველო აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული ტვირთების გატარების მხრივ. აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის იკაოს რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში.
მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, რომ თითქოს საქართველოს გავლით, სამხედრო გადაზიდვები სამოქალაქო ფრენების მეშვეობით ხორციელდება“,- აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
მისი თქმით, კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ჰუმანიტარული დერეფნები ბოროტად არ გამოიყენოს.
„დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას. დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ამჟამად ყველაზე მძიმე შეტაკებები ქალაქ ჰადრუთთან მიმდინარეობს.
10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.
წყარო: pia.ge