საქართველოს 7 ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა უქმდება
საქართველოს 7 ქალაქში ღამით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ორი დღით იხსნება. ახალი დადგენილება მთავრობამ გუშინ, 19 ნოემბერს მიიღო. "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შევიდა.
ახალი დადგენილებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე, ანუ 21 და 22 ნოემბერს 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალული არ იქნება.
"დღეს და ხვალ - 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება", - განმარტავენ მთავრობის პრესსამსახურში.
მთავრობამ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 8 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადადგილება აიკრძალა. წესის დარღვევისთვის მოქალაქეს პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებს.