სილამაზის სალონებს წერტილოვანი შეზღუდვები არ შეეხო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სილამაზის სალონები პრევენციულ ღონისძიებებს იცავდნენ, რის გამოც წერტილოვანი შეზღუდვები მათ არ შეეხოთ. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სილამაზის სალონების ფუნქციონირების გაჩერება, შესაძლოა, უფრო მეტად ყოფილიყო ინფექციის გავრცელების საფრთხის მატარებელი, ვინაიდან მოსახლეობა სალონური მომსახურებისთვის ბინაზე ივლიდა.
„რისკი ყველგან არის, მაგრამ ფასდება ე.წ. შედარებითი რისკი. როდესაც შეფასდა „შედარებითი რისკი“, სილამაზის სალონების უმრავლესობაში აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგად იცავდნენ იმ პრევენციულ ღონისძიებებს, რასაც ბრძანებთ. არის მეორე რისკი, რომ დაკეტო სილამაზის სალონი და შეზღუდო, ეს ბიზნესი ინაცვლებს ჩრდილში, ადამიანები სახლებში დადიან და შესაძლებელია უფრო მეტი იყო გავრცელების რისკი“,-განაცხადა გამყრელიძემ.