ახალციხეში, მთიან ყარაბაღში დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს
ახალციხეში, მთიან ყარაბაღში დაღუპული ჯარისკაცები და მშვიდობიანი მაცხოვრებლები მოიხსენიეს და მათ სულებს პატივი მიაგეს. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა დღეს, 21 დეკემბერს ე. წ. "ხაჩქარზე" 13:00 საათზე შეიკრიბა.
"ახალციხის 60-მდე ახალგაზრდა შევიკრიბეთ, მღვდელმა თორგომმა ლოცვა წაიკითხა, ვიგლივეთ, გავიხსენეთ გარდაცვლილები და ჩამოვედით" - ამბობს ადგილობრივი ავეტის პეტროსიანი.
ახალგაზრდები "ხაჩქართან" დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 3 300 კაცს აღემატება.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და საომარი მოქმედებები დაიწყო. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ - 10, 17 და 26 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა.
მთიანი ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი საბოლოოდ 10 ნოემბერს შეთანხმდნენ.