საზოგადოება
ახალციხის მერიამ დაზარალებული ოჯახებისთვის ბინები 300 ლარად იქირავა
ახალციხეში, რუსთაველის #99-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 11 ოჯახს, ახალციხის მერიამ საცხოვრებელი სახლები უქირავა. მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის, თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 3 356 ლარს იხდის.

„ვიდრე სისხლის სამართლის საქმე არ დასრულდება და შესაბამისი შედეგი არ დადგება კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით, მანამდე იქნებიან ეს ოჯახები ბინის ქირით უზრუნველყოფილი“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის მდგომარეობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებმა შეისწავლეს. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, უსაფრთხოა თუ არა საცხოვრებლად ხუთსართულიანი შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ მიუღიათ და აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით გრძელდება, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში აფეთქება 24 დეკემბერს მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შედეგად დაზიანდა კორპუსის სარდაფები და პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი.

დაშვდა ორი პირი, რომელიც აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდნენ. ისინი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

| Print |