საზოგადოება
ჩატარდება თუ არა ახალქალაქში დაანონსებული აქცია?
ჩატარდება თუ არა 31 იანვარს ახალქალაქში დაანონსებული აქცია საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის საზღვრების გახსნის მოთხოვნით, ზუსტად არავინ ამბობს. აქციას ორგანიზატორი ამ დრომდე არავინ ჰყავს. პიროვნება, რომელმაც სოციალურ ქსელში მოსახლეობას შეკრების მიზნით მოუწოდა, აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორი ხალხია და მან უბრალოდ მოსახლეობის მოთხოვნები წერილის სახით ჩამოაყალიბა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ნაზელ წარუკიან-ბაბაჯანიანი "მეცხრე არხთან" ამბობს, რომ ღია წერილით ყველას მიმართა, მათ შორის სომხეთისა და საქართველოს პრემიერ მინისტრებს. მისივე თქით, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის მიზნით შეკრება საზოგადოების სურვილით ხდება. თუმცა შეიკრიბება თუ არა მოსახლეობა დაანონსებულ აქციაზე, ნაზელ წარუკიან-ბაბაჯანიანს ზუსტი პასუხი არ აქვს.

"მე პირადად არ ვარ ორგანიზატორი, უბრალოდ ადამიანების გულისტკივილი წავიკითხე კომენტარებში. ასობით ადამიანს ჩემს მსგავსად უნდა, რომ საზღვრები გაიხსნას. ამიტომ განცხადებით პრემიერ მინისტრებს მივმართე. ხვალ ჩატარდება თუ არა აქცია არ ვიცი, უნდა დაველოდოთ, ხალხი თუ შეიკრიბება. მე პირადად, ხვალ სტუმრებს ველოდები, თუ არ მოვლენ მეც აუცილებლად მინდა რომ დავესწრო"
, - ამბობს ნაზელ წარუკიან-ბაბაჯანიანი.

სოფელ არაგვას მაცხოვრებელი სარქის უნანიანი ამბობს, რომ ხვალ, 31 იანვარს აქციაზე თანასოფლელებთან ერთად მიდის. მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად, წასვლას გეგმავს მიმდებარე სოფლის მოსახლეობაც.

"ხვალ აქციაზე სოფელ არაგვას ახალგაზრდობაც შეიკრიბება, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ჩვენი თანამოძმეებისთვის", - ამბობს სარქის უნანიანი.

აქციაზე დასწრების სურვილი ჯერ კიდევ 21 იანვარს, "მეცხრე არხთან" ღიად დააფიქსირა ჯავახეთის მკვიდრმა სამველ მნოიანმა. იგი იმედოვნებდა, რომ მოსახლეობის შეკრებით, კომპეტენტური პირების ყურადღებას მიიპყრობდნენ. მოგვიანებით, ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მას "მეცხრე არხთან" კომენტარი არ გაუკეთებია და არც აქციის ორგანიზატორია, როგორც იგი ტელეკომპანიამ მოიხსენია. თუმცა "მეცხრე არხს" მისი ორგანიზატორობის შესახებ არაფერი უთქვამს. სამველ მნოიანის განმარტებით, ჯავახეთის სააგენტომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგო. წავა თუ არა იგი აქციაზე, "მეცხრე არხის" კითხვას მნოიანი აღარ პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ ჯავახეთის მაცხოვრებლებს პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც პანდემიის გამო, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტა. შედეგად ასეულობით ადგილობრივი ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩა. ისინი ოჯახის სარჩენ თანხას სწორედ რუსეთში სეზონურ სამუშაობზე დასაქმებით იღებდნენ.

საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ ჯავახეთის მოსახლეობამ ინიციატივა სოციალურ ქსელში 21 იანვარს გააჟღერა, რომლის მიხედვითაც საზღვრების გახსნის მოთხოვნით, ადგილობრივები 31 იანვარს, 13:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში უნდა შეკრებილიყვნენ.
| Print |