საზოგადოება
რამ გამოიწვია აფეთქება ხუთსართულიან კორპუსში - სამხარაულის დასკვნა
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის მილმა გამოიწვია.
„გაზსადენის მილის მიწისქვეშა ნაწილში, შენობის უშუალო სიახლოვეს დაზიანების გამო მოხდა გაზის გაჟონვა, რომელმაც საძირკვლის კედელში არსებული ხვრელის მეშვეობით, რომელშიც გატარებულია წყალსადენის მილი, შეაღწია შენობის სარდაფში და ერთ-ერთი მობინადრის მიერ წყალსაქაჩი პომპის ჩართვის დროს მოხდა ძლიერი აფეთქება, რა დროსაც ჩამოინგრა სარდაფის გადახურვის გარკვეული ნაწილი“, - წერია დასკვნაში.
დოკუმენტის მიხედვით, აფეთქების დროს მთელი შენობა რომ არ დაზიანდა, ამაში მნიშვნელოვანი როლი რესტორან „იმერეთის“ ჩრდილოეთის მხარეს მიშენებულმა ვიტრაჟმა იქონია, რადგან ეს იყო ის სუსტი ადგილი და ამ მიმართულებით გაიშალა აფეთქების ძლიერი ტალღა. ამით მოხდა დამანგრეველი ძალის დასუსტება და არ მიეცა მას ზემოთ გავრცელების საშუალება. აქედან გამომდინარე, ნგრევის არეალი შემოიფარგლა მხოლოდ პირველი სართულის იატაკით.
დაზარალებულის სტატუსს და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს რესტორან „იმერეთის“ მეპატრონე. ბექა ტაბიძემ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურას 25 მარტს მიმართა. ამბობს, რომ აფეთქების შედეგად მისთვის მიყენებული ზარალი 150 000 ლარზე მეტს შეადგენს.
ექსპერტების შეფასებით, შენობის გაწმენდითი სამუშაოების უსაფრთხოდ ჩასატარებლად პირველ რიგში უნდა მოხდეს დროებითი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
„შენობის ვიზუალურად დათვალიერების შედეგად დაფიქსირებულ დაზიანებებს, გარდა პირველი სართულის იატაკისა, სხვა ძლიერი დაზიანებები არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით სადარბაზოების მხარეს მიშენების გადახურვებში გადახურვის ელემენტებს შორის და გარე კედლის ნალესში ბზარების გაჩენას, პირველი სართულის გარე ფასადური კედლების ცალკეულ ადგილებში ნალესების ჩამოცვენას, რომლებიც გამოიწვია აფეთქების შედეგად წარმოებულმა ვიბრაციებმა. ეს დაზიანებები შენობის მდგრადობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, შენობის დანარჩენ ნაწილში ბზარები და დეფორმაციები არ ფიქსირდება“.
შეგახსენებთ, რომ ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში აფეთქება გასული წლის 24 დეკემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა კორპუსის სარდაფები და პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი. დაშავდა ორი პირი, რომელიც აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდა. ისინი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
კორპუსის 11 ოჯახს, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა, ახალციხის მერიამ ბინები უქირავა. მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის, თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 3 356 ლარს იხდის.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გააზიარეთ :