,,რაც ჩემმა თვალებმა ნახა" - ახალციხელები, რომლებიც ისრაელის რკინის გუმბათის ქვეშ ცხოვრობენ
17:09 / 13.05.2021
ახალციხელი ლაშა ნიქაბაძე პალესტინელების მიერ, ისრაელის მიმართულებით ნასროლ რაკეტებს ბრონირებულ სადარბაზოში შეეფარა. გამთენიის 04:25 საათი იყო, როცა ისრაელის არაერთ ქალაქში, მათ შორის თელ-ავივში, გამაფრთხილებელი სირენა ჩაირთო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ბუნკერში, უსაფრთხო ადგილზე თავის შესაფარებლად, საშუალოდ ერთი წუთი აქვთ.
ლაშა ნიქაბაძე ხუთი წელია თელ-ავივში ცხოვრობს და მუშაობს. იხსენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ჰამასის მხრიდან ისეთი ინტენსიური თავდასხმა არ ყოფილა, როგორც ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში ხდება.
მეორე წელია ისრაელის ქალაქ ბათ-იამში დასთან ერთად ცხოვრობს ახალციხელი გელა აფრიამაშვილი. Tv9news.ge-ს უყვება, რომ ორდღიანი დაძაბული ღამის შემდეგ, დღეს დილიდან სიტუაცია უფრო მშვიდია.
„ბათ-იამში უფრო სიწყნარეა. დღეს უკვე დასტაბილურდა სიტუაცია, ჩვეულებრივ ვმუშაობთ. უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა, სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, მოქალაქეები დაიცვას. არანაირი შეზღუდვა არ არის, არც ტრანსპორტზე ან გადაადგილებაზე. ერთადერთი, როცა განგაშის სიგნალი ირთვება, ყველამ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია თავშესაფარი მოვძებნოთ და თავი შევაფაროთ“.
გელა აფრიამაშვილი თელ-ავივში მუშაობს. მისი სახლიდან სამსახურამდე შვიდი კილომეტრია.
„ყველას ჰგონია მანდ, რომ ჩვენ ბუნკერებში ვართ და ვერ გამოვდივართ. ასე არ არის, რა თქმა უნდა, გარკვეული სტრესის ქვეშ გვიწევს ყოფნა. იმაზე წყნარი სიტუაციაა, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ძალიან ბევრმა არასწორმა ინფორმაციამ დიდი პანიკა გამოიწვია“.
ლელა აფრიამაშვილს სამსახურში ვესაუბრეთ. ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ სიტუაცია საყურადღებოა, თუმცა არც ისეთი პანიკაა, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს.
„რთული ვითარებაა მთელ ქვეყანაში, სტრესის ქვეშ ვართ, თუმცა ვცდილობთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ვმუშაობთ ჩვეულებრივ, ერთმანეთთან გვაქვს კონტაქტი, ვუფრთხილდებით თავს და ერთმანეთს. სახელმწიფოს იმედი გვაქვს, რომ დაგვიცავს. ხალხი პანიკდება იმ კადრებით, რაც ჩანს. ჰგონიათ, რომ მთელ ისრაელში ეგეთი ამბებია“.
გიორგი წიწუაშვილი საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში 1994 წელს დაბრუნდა. ის ქალაქ აშდოდში ცხოვრობს. გვიყვება, რომ წუხანდელი ღამე ბუნკერში გაატარა. ჰამასი აშდოდს მთელი ღამე ბომბავდა. „საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე 157 რაკეტა გამოისროლეს თელ-ავივისკენ. აშდოდში 55 რაკეტა ისროლეს, წუხელ ოთხჯერ ჩაირთო სირენა, მთელი ღამე თავშესაფარში ვიყავით. სირენიდან 30-45 წამი გვაქვს დრო, რომ თავი შევაფაროთ. ოთახში გამზადებული მაქვს წამლები, წყალი, რაც პირველადად მჭირდება. ჰერმეტულად იხურება კარები. ბოლოს დილით, 9-ის ნახევარზე ისროლეს, როცა სამსახურში მივდიოდი და ავტობუსში ვიჯექი. ამ დროს მძღოლი აჩერებს ავტობუსს, მომზადებულები ვართ, რომ ბალახზე უნდა დავწვეთ და თავზე ხელები დავიფაროთ. აშკელონში ძალიან ბევრი ქართველი მოსახლეობაა, ეს ქალაქი იბომბება ძალიან. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ხშირად ვხვდებით. ვუთანაგრძნობთ ერთმანეთს, არ ვტოვებთ გაჭირვებაში ერთმანეთს“.
გიორგი წიწუაშვილი გვიყვება, რომ ჰამასი დაბომბვას შუადღით, შესვენების დროს და საღამოს იწყებს, როცა ქუჩებში მოქალაქეების მობილობა გაზრდილია.
„ამას ბევრი მიზეზი აქვს, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური. ახლა ჩვენთან ახალი მთავრობა ყალბდება და არაბებს აქვთ თავიანთი პირობები. ჰამასი ორ ნაწილადაა გაყოფილი - არის პოლიტიკური და ტერორისტული ორგანიზაცია. პოლიტიკურს უნდა არჩევნები ჩატარდეს, ტერორისტულს ეს არ უნდა და შიდა დაძაბულობაც აქვთ. ანტისარაკეტო სისტემა გვაქვს, მაგრამ თითო გასროლაზე 20 რაკეტას ანადგურებს. ისინი გვესვრიან ერთჯერადად 30-40 რაკეტას. ამიტომ რომელსაც ჩვენი ანტისარაკეტო სისტემა ვერ იგერიებს, იმ რაკეტას მოჰყვება მსხვერპლი. აქამდე ასეთი მსხვერპლი არ გვქონდა, ახლა ახალი მეთოდი შეიმუშავეს და უზუსტესი რაკეტები აქვთ, პირდაპირ ხვდება შენობებს“.
პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით, 1 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ოფიციალური ისრაელის ინფორმაციით, მათი უმეტესობა თელ-ავივისკენ იყო მიმართული, რასაც სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორიდან გატყორცნილი რაკეტებიდან 850 ან დაეშვა ისრაელში, ან ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ გადაიტაცა. 200 რაკეტა უკან ღაზაში დაეცა.
ისრაელის მხრიდან ორშაბათს დაწყებული საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში ქუჩები სავსეა ნანგრევებითა და დამწვარი მანქანებით. ღაზის ჯანმრთელობის მინისტრის განცხადებით, დაღუპულია 53 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი, 300-ზე მეტი დაჭრილია.
ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. მათ შორის მწვავ საომარი მოქმედებები პერიოდულად იჩენს თავს. ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავსი შეტაკებები 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.