ძირითადად რას სახის სამუშაოს ეძებენ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული მოქალაქეები
„რაც დანაზოგი ჰქონდათ, იმით წამოვიდნენ. ეს ფული ცხადია, გაუთავდებათ, ისინი უკვე დადიან და ეძებენ სამუშაოს“,- ამის შესახებ კომპანია "არსის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემაში "ბიზნეს პალიტრა“ რუს მიგრანტებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოსკენ დაძრული მეორე ტალღა ძირითადად ე.წ დეზერტირებისგან შედგება, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს ქვედა დონის სამხედრო სამსახური და ამასთან, პროფესიულ ტექნიკური სამსახურის კურსდამთავრებულები არიან.
„აქ უნდა გავყოთ ორი ტალღა. პირველი, რომელიც წამოვიდა მარტში, ის იყო კატეგორია, რომელიც პროტესტის ნიშნად, რუსეთის ხელისუფლებისგან უკმაყოფილო, რაც მთავარია სანქციებს გამოქცეული იყო. ძირითადად იყვნენ IT სპეციალისტები. სხვათაშორის, სწორედ მაშინ იყო ეს ტენდენცია, რომ ისინი საქართველოში არეგისტრირებდნენ კომპანიებს. ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ სანქციების გამო, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა შეუწყვიტეს დაფინანსება, როგორც რუსულ ორგანიზაციებს. შესაბამისად, მათ მექანიკურად საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანიები და მუშაობა გააგრძელეს თავისი მიმართულებით.
რაც შეეხება მობილიზაციისგან გამოწვეულ ტალღას, ესენი პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ კლასიკური გაგებით, არიან დეზერტირები. ეს სოციალურ ქსელებშიც იწერება და ფოტოებიც ქვეყნდება, ბევრ მათგანს დიდი ასოებით Z-ები ეწერათ მანქანებზე, ზუსტად ერთი კვირით ადრე გამოქცევამდე და „გეორგიევსკის ლენტებით“ დარბოდნენ. როდესაც უკვე პირადად შეეხოთ, გამოიქცნენ და წამოვიდნენ. აქ საინტერესოა, ვინ არიან ესენი, ესენი არიან ე. წ პირველი კატეგორიის გაწვევას ვინც ექვემდებარება, ანუ, ქვედა დონის სამხედრო სპეციალისტები, რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგითები და სერჟანტები, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი აქვთ. როგორც წესი არიან, ე წ. პროფესიულ ტექნიკური სამსახურის კურსდამთავრებულები და არიან შემდუღებლები, ელექტრიკოსები, მღებავები და ა.შ. ეს კატეგორია არანაირ ფირმებს არ არეგისტრირებს, რაც დანაზოგი ჰქონდათ იმით წამოვიდნენ. ეს ფული ცხადია, გაუთავდებათ, ისინი უკვე დადიან და ეძებენ სამუშაოს“, - განაცხადა ირაკლი რისტომაშვილმა.